English / ქართული / русский /
სოლომონ პავლიაშვილიდავით გუბელაძე
ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაცია, ნარჩენების მიმართ პასუხისმგებლობა და ცირკულარული ეკონომიკა

ანოტაცია. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა მნიშვნელოვან დანახარჯებს ითხოვს და მისი ოპტიმალური გამოყენება  განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკურ მხარეს. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია არსებული ბუნებრივი რესურსების ეკონომიკური ეფექტიანი მართვა, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების  გადამუშავება და  უტილიზაცია. ეკოლოგიური თვალსაზრისით  ეკონომიკური საქმიანობისათვის ასევე მნიშვნელოვანია ნარჩენების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრა, დარგის წრფივი ეკონომიკიდან ცირკულარული ეკონომიკურ  განვითარებაზე გადასვლა და მართვის ახალი ეკონომიკური მოდელების გამოყენება.

საკვანძო  სიტყვებიწრფივი ეკონომიკა, მიწისა და წყლის რესურსები, ბუნებრივი რესურსების მართვა,   ცირკულარული ეკონომიკა, სასოფლო სამეურნეო საქმიანობა, ნიადაგის დეგრადაცია. 

შესავალი

მცირემიწიანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ეკონომიკური ეფექტიანობის მისაღწევად აუცილებელია მიწისა და წყლის  რესურსების ოპტიმალური გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და  ეკონომიკური ეფექტიანი საქმიანობის განსაზღვრა.

ნიადაგი მცენარეებს უზრუნველყოფს წყლით, სითბოთი და საკვები ნივთიერებებით, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობას განაპირობებს. ამჟამად საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების 35 პროცენტზე მეტი დეგრადირებულია. ნიადაგის ნაყოფიერება უმეტესად პირდაპირ კავშირშია მასში ჰუმუსის პროცენტულ შემცველობასთან (1- 2 პროცენტიდან 12-15 პროცენტამდე, ნიადაგის ზედა ფენებში), რომელიც შეიცავს როგორც ორგანულ, ისე მინერალურ ნივთიერებებს. მცენარისათვის ხელსაყრელ, შესათვისებელ ფორმებში ორგანული ნივთიერებებით გაჯერებული ჰუმუსის ფენა აუმჯობესებს, როგორც ნიადაგის სტრუქტურასა და ეროზიისადმი  მდგრადობას, ასევე უზრუნველყოფს მცენარეებისათვის ხანგრძლივი დროის მანძილზე საჭირო წყლის (ტენი), საკვები ელემენტებისა (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი) და მიკროელემენტების მიწოდებას. ნიადაგი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით უზრუნველყოფს ადამიანის თითქმის ყველა საჭიროებას სიცოცხლისათვის აუცილებელ  მოთხოვნილებაზე ნიადაგი მრავალი განახლებადი რესურსის წყაროა მისი როლი განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როდესაც ჩნდება არა განახლებადი რესურსების განახლებადით ჩანაცვლების საჭიროება განვითარების როგორ მაღალ დონესაც არ უნდა მიაღწიოს ადამიანმა, ჩვენი დამოკიდებულება ნიადაგის რესურსებზე არა თუ შემცირდება, არამედ იზრდება კიდეც. ნიადაგის ხარისხის გაუარესების გამომწვევი მთავარი მიზეზებია: ეროზია, დაბინძურება, მეორეული დაჭაობება, დამლაშება, ბუნებრივი რესურსების არა გონივრული გამოყენება და ა.შ არასწორი და არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები, საძოვრების არამდგრადი მართვა და სხვა. ნიადაგის დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი რეზერვი და მდგრად გარემოში ცხოვრების წინაპირობაა. ნიადაგის დეგრადაცია უარყოფითი პროცესია, რომლის შედეგად ნიადაგი კარგავს ადრე დაგროვებულ ორგანულ ნივთიერებებს ჰუმუსს, რაც იწვევს ნიადაგის ნაყოფიერების კლებას 55-65 პროცენტით და შესაბამისად, მისი ეკონომიკური ღირებულების შემცირებას. იგი გამოწვეულია, როგორც ბუნებრივი ფაქტორებით, ასევე ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად მისი ხელშემწყობი ბუნებრივი ფაქტორებია: რელიეფი; კლიმატი; მცენარეული საფარის არარსებობა; წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია; ნიადაგის შემადგენლობა და სხვ. ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევი ანთროპოგენური ფაქტორებია: ნიადაგის არამდგრადი (ხშირი, არასწორი) დამუშავება; გადაჭარბებული ძოვება; საძოვრებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა; პესტიციდებისა და სასუქების ინტენსიური გამოყენება და არასწორი საქმიანობა. 

 

ნახ. 1.  ბუნებრივი რესურსების მსოფლიო მარაგების პერსპექტიული ხედვა 

ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება ფერდობებზე ჩამონადენი წვიმისა და თოვლის წყლების მოწესრიგება. წყალამრიდი არხების გაყვანით ამ მიზნით სავარგულების ზედა და ფერდობების სხვადასხვა ნაწილში, საჭიროებისამებრ, უნდა მოეწყოს წყალამრიდი არხები, რომელთა ბოლოებიც შეერთებული იქნება წყალგამყვან არხებთან ისინი, თავის მხრივ, უერთდებიან ახლომდებარე მდინარეებს, ღელეებს, ხევებს და სხვა. წყალამრიდი და წყალგამყვანი არხები დაქანებებზე მოპირკეთებული უნდა იყოს სტანდარტული ფილებით ან ქვებით.

საირიგაციო ღონისძიებების გატარების დროს, უნდა შეირჩეს მორწყვის ისეთი წესები, ტექნიკა და რეჟიმი, რომლის დროსაც გამოირიცხება ზედაპირული ჩამონადენის ფორმირება. ირიგაციული ეროზია ინტენსიურად მიმდინარეობს კვლებში მიშვებით მორწყვისას ამასთანავე, არ შეიძლება ერთსა და იმავე ფერდობზე ისეთი კულტურების მოყვანა, რომლებიც განსხვავდებიან მორწყვის ვადებითა და ნორმებით ყველა სარწყავ და ურწყავ ფართობზე, ეროზიის ინტენსივობის შესამცირებლად, ხვნა-თესვა უნდა მოხდეს დაქანების გარდიგარდმო. ირიგაციული ეროზიის ინტენსივობის შესამცირებლად, რომლის დროსაც უნდა გამოყენებული იქნას ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: დაწვიმებით მორწყვა, წვეთოვანი და ე.წ. ნიადაგქვეშა რწყვა ასეთი მორწყვის წესები პრაქტიკულად გამორიცხავს ირიგაციული ეროზიის განვითარებას. ნიადაგდაცვით ღონისძიებებში ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიებად ითვლება ქარსაფარი ზოლების გაშენება. დღესდღეობით გავრცელებულია სამ-ოთხმწკრივიანი იარუსული ქარსაფარი ზოლები ჰაერის მასების პირველი დარტყმა უნდა მიიღოს მაღალმა და მასიურმა ხეების ზოლმა, რომელსაც მორიგეობით მოსდევს სხვადასხვა სიმაღლის ხე-ბუჩქნარი ქარსაფარი ზოლების გაშენების ასეთი სისტემა 65-70 პროცენტით ანელებს ქარის სიჩქარეს. თანამედროვე სოფლის მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად ინდუსტრიულ ტექნოლოგიები, რომელიც, თავის მხრივ, პესტიციდებისა და სასუქების ინტენსიურ მოხმარებას ითვალისწინებს. პესტიციდებისა და მცენარეთა დაცვის სხვა. ქიმიური საშუალებებისა და არაორგანული/მინერალური  და ორგანული სასუქების არასწორმა გამოყენებამ მნიშვნელოვნად დააბინძურა გარემო, რამაც, საბოლოო ჯამში, ნიადაგისა და ატმოსფეროს, მცენარეული და ცხოველური პროდუქტების, სასმელი და სარწყავი წყლების დაბინძურება, დეგრადაცია გამოიწვია, რაც ხშირად ადამიანისა და ცხოველების არა მარტო მოწამვლისა და მძიმე დაავადებების, არამედ ფატალურიშედეგების გამომწვევი მიზეზიც გამხდარა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, მკაცრად რეგულირდებოდეს ამ ნივთიერებების დოზირების, ტრანსპორტირების, შენახვა-რეალიზაციის, ნარჩენების გაუვნებელყოფისა და უსაფრთხოების დაცვისა და პასუხისმგებლობის საკითხები. ასევე მნიშვნელოვანია სიფრთხილით შეირჩეს გამოსაყენებელი ქიმიური საშუალებები. დღეისათვის ხანძარი საძოვრებისათვის ისევე, როგორც ქარსაცავი ზოლებისა და დაცული ტერიტორიებისათვის, მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს და აზიანებს მას. ხანძრის მიზეზი ხშირად ხდება მინდვრების გადაწვის მავნე პრაქტიკა, რომელსაც კერძო პირები საკუთარ ტერიტორიაზე ახორციელებენ. ხანძრის დროს, გარდა იმისა, რომ ნადგურდება მიწისზედა მცენარეულობა, აუნაზღაურებელი ზიანი ადგება ნიადაგის ჰუმუსს, მასში არსებულ მიკროფლორასა და მიკროფაუნას. მინდვრების გადაწვის ერთ-ერთი მიზეზია ხარჯებისა და შრომის დაზოგვა.

ბუნებრივ გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების მხრივ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობა, სამთომოპოვებითი სამუშაოები, ურბანიზაცია და სხვ. ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად. იზრდება არიდული და სემიარიდული ტერიტორიები, სადაც ვითარდება ქარისმიერი და დახრამვითი ეროზიული პროცესები, რასაც თან სდევს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ბედლენდების წარმოქმნა. ვაკისა და მთის ტყეების გაჩეხვის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა კლიმატის არიდულობა, გააქტიურდა ნიადაგ-მცენარეული საფარის დეგრადაცია და ლანდშაფტის გაუდაბნოება. ნიადაგის ნაყოფიერების შემცირებას იწვევს დამლაშებისა და გაბიცობების პროცესები. ნიადაგში მიმდინარე დამლაშების პროცესები შესაძლოა დაკავშირებულ იყოს მარილშემცველი ქანების გამოფიტვის პროცესებთან, მინერალიზებული გრუნტის წყალთან, ან რიგ სხვა ფაქტორებთან. ასევე აღსანიშნავია არიდულ სამიწათმოქმედო ზონაში რწყვის ნორმებისა და წესების დაუცველობაც, რომლის შედეგად ფორმირდება მეორადი დამლაშებული ნიადაგები. ნიადაგის ნაყოფიერება მცირდება ნიადაგის ძლიერი მჟავიანობითაც, რასაც იწვევს ფიზიოლოგიურად მჟავე მარილების შემცველი სასუქების ინტენსიური და არარაციონალური გამოყენება, მჟავე ნალექები და სხვ.

 გაუდაბნოებასთან ბრძოლის დროს გასათვალისწინებელი ფაქტორები:

  • გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ეკონომიკური მექანიზმების შემუშავება;
  • ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
  • მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
  • გაუდაბნოების მონიტორინგი;
  • ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური მართვა;
  • გაუდაბნოება და სასოფლო - სამეურნეო საქმიანობა ;
  • სასოფლო - სამეურნეო ნარჩენებზე პასუხისმგებლობა.

   სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის, ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა  და ცირკულარული ეკონომიკაზე გადასვლის მიზნით, აუცილებელია ქვეყანაში შემუშავდეს ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგია, პროგრამა, ღონისძიებათა ნუსხა, ზოგადად ჩამოყალიბდეს კონცეპტუალური ხედვა, რაშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ პოლიტიკის შემქმნელებმა, ბიზნეს სექტორმა, საფინანსო ინსტიტუტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა;

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას შეუძლია ჩვენი დღევანდელი, წრფივი ცხოვრების წესის შეცვლა, წარმოების ეკონომიკური ეფექტიანი მართვა, რესურსების მნიშვნელოვანი დაზოგვა და უნარჩენო ტექნოლოგიური წარმოების განვითარება;  გარემო ფაქტორებით გამოწვეული პრობლემები:

ნახ. 2.   ეკონომიკური საქმიანობის ეფექტიანი მართვისათვის გასათვალისწინებელი ფაქტორები 

  ცირკულარული ეკონომიკური ბიზნეს საქმიანობის დროს, რესურსებისა და მასალების მოხმარება უფრო ეფექტიანია, გამოიყენება ეფექტიანი მართვის ახალი ეკონომიკური ბიზნეს მოდელები, მიიღება ახალი გადაწყვეტილებები და ყალიბდება მიწოდებისა და მოხმარების ჯაჭვში თანამშრომლობის ახალი ხედვა  წრფივი ეკონომიკად ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვა.

ცირკულარული ეკონომიკური პრინციპით მართვა შეუძლებელია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე და შიდა საწარმოო ძალებზე დაყრდნობით, არსებული წრფივი ეკონომიკური მართვის დროს მოსალოდნელია ნელი გადასვლის რისკ ფაქტორები და კომპანიების შესაძლებლობებიც ძვირადღირებული იქნება. ამიტომაც, არსებითია სახელმწიფო სექტორის ჩარევა და მხარდაჭერა, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით;

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასასვლელად საჭიროა მართვის სისტემის შეცვლა და ყველა მოთამაშის: კომპანიების, მომხმარებლების, კანონმდებლების, აკადემიური წრეებისა და საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე;

ცირკულარული ეკონომიკა მოითხოვს ახალი ბიზნეს მოდელების შემუშავებას, სადაც კონტროლი და თანამშრომლობა გაძლიერებულია და რესურსების მოხმარება ოპტიმალურია. შესაძლებელია ისეთი ახალი სტრუქტურების შექმნა, რომელიც მომსახურების გზით პროდუქტების მიწოდებასთან ერთად პროდუქტებზე წვდომას უზრუნველყოფს;

 

ნახ.3    ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაცია,  წრფივი და ცირკულარული ეკონომიკური მართვის სქემების შედარება 

ცირკულარული ეკონომიკის დროს მცირდება ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ სტრატეგიულ რესურსებზე. იზრდება პასუხისმგებლობა წარმოებული პროდუქციის შედეგად მიღებულ ნარჩენების შემცირებასა და უტილიზაციაზე. ამისათვის  მნიშვნელოვანია შეირჩეს და განისაზღვროს ეკონომიკური ეფექტიანი მართვის პროცესში ჩართული დარგები და სექტორები, რომელთა რესურსი იძლევა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეფექტიანი ფუნქციონირების საშუალებას;

სახელმწიფოს მხრიდან დარგობრივი სტრუქტურების დახმარებით უნდა მოხდეს საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და საწარმოებისათვის ფინანსური სტიმულირება, ეს შეიძლება იყოს (დაბალპროცენტიანი სესხი, საგადასახადო შეღავათები და სხვ.), დაინტერესებული კომპანიებისათვის ფინანსური სტიმულირების დაწესება. არსებულმა მიდგომებმა და კომპანიის დაფინანსების ტრადიციულმა გზამ ცირკულარულ მოდელზე გადასვლის მოსურნე ბიზნესს შეიძლება დაბრკოლება შეუქმნას;

ცირკულარული ეკონომიკა არის ის მოდელი და ის ინოვაციური სქემა, რომელიც თავისი შინაარსობრივი ბუნებით პასუხობს და ფარავს გაეროს ინიციატივით მიღებული მდგრადი განვითარების მიზნების უმეტესობას;

მომხმარებლები უნდა შეეჩვიონ, რომ პროდუქტები კი არ გადაყარონ, არამედ ციკლში შეინარჩუნონ, ხოლო პროდუქტების ქონა პროდუქტების მოხმარებით ჩაანაცვლონ. 

ნახ.4 ცირკულარული ეკონომიკის დამხმარე მოდელები 

საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის არსებული რეგულაციები და მეთოდები ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მსურველი ბიზნესებისათვის შეიძლება დაბრკოლება აღმოჩნდეს, ხოლო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეფექტურად სტიმულირების მოსურნე ხელისუფლებისათვის - გამოწვევა;

ბიზნეს საქმიანობის ღირებულებათა ჯაჭვის გასწვრივ თანამშრომლობა ცირკულარულ ეკონომიკაზე წარმატებით გადასვლის მნიშვნელოვანი საწინდარია;

ცირკულარულ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა წარმატებული რომ იყოს უნდა მოხდეს  „რისკის“ შეფასება და საქმიანობის მიმართ მიდგომები, რადგანაც ცირკულარულ ბიზნეს მოდელში რისკის ხედვა წრფივი ბიზნეს მოდელისაგან განსხვავებულია და პროგრესულია.

უმეტეს ორგანიზაციებს ახალი მოდელით საქმიანობა, ფინანსური ინვესტირება და ძირეული ღონისძიებების გატარება სჭირდება.

ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დროს გათვალისწინებულ უნდა იყოს მოსალოდნელი რისკ-ფაქტორები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიმდინარე ეკონომიკური ცვლილებების გატარებისას დროთა განმავლობაში მარცხს განიცდის, რადგანაც წარმოების მართვაში გაბატონებული არსებული კულტურა (რწმენა, ხედვა და ქცევა) არათავსებადია იმასთან, რის მიღწევასაც ორგანიზაცია შემდგომში ისახავს მიზნად.

სასოფლო -სამეურნეო საქმიანობით დაკავებულმა აგრო საწარმოებმა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა შეაფასონ რამდენად არიან, როგორც მატერიალურად ასევე ადამიანური რესურსების მხრივ მზად , რომ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის გზით თავიანთი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეცვალონ მათთვის სასურველი სამომავლო ეკონომიკური საქმიანობა.

აღნიშნული ქმედება და ახალ მოდელზე გადასვლა უნდა მოიცავდეს იმ გასატარებელი ცვლილებებსა და ღონისძიებების შეფასებას, რომელიც ზეგავლენას იქონიებს სასოფლო - სამეურნეო საქმიანობაზე, ბუნებრივი რესურსების და ნარჩენების ოპტიმალურ მართვაზე, სამომავლოდ ცირკულარულ ეკონომიკურ საქმიანობასა და დარგში ურთიერთთანამშრომლობის ღირებულებათა ჯაჭვზე.   

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Pavliashvili S., Gubeladze D., Linear Economy and Circular  Economy – Current State Assessment  and  Future Vision, International Journal of Technologies in Ecobomy, Scientific Edition, ISSN 2412-8368, 5(32), p. 79,  December 2020, Publisher –  RS Global Sp. z O.O.,  Warsaw, Poland;
  2. Pavliashvili S., Gubeladze D.,  Agriculture, economic efficiency management and circular economics ,Manual, “ Mwignobari” Publishing House, Tbilisi , 2020.
  3. Pavliashvili S., DariuszEdwardPrasek, Accelerating Transition to the Circular Economy in Georgia, „Moambe“ Georgian Academy Press, vol.14, Tbilisi, 2020;
  4. ABN Amro et al Circular Economy Finance Guidelines 2018 [ეიბიენ ამრო და სხვები, „ცირკულარული ეკონომიკის ფინანსური სახელმძღვანელო“. 2018] https://www.abnamro.com/nl/images/;
  5. Gubeladze D.- Priorities for Agriculture Support Services in the Irrigation and Drainage Areas in Georgia IV International Scientific and Practical Conference “ Topical Problems of Modern Science and Possible Solutions” International Scientific and Practical Conference “WORLD SCIENCE” 10(26), Vol.1, October 2017 Multidisciplinary Scientific Edition RS Global IV Dubai, 2017.